მაისში, ქალაქ ოზურგეთის 60/01/03 ადგილობრივი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. პარტია „ქართული ოცნებიდან“, საკრებულოს გამოკლებული (გარდაცვლილი) წევრის, ლევან თოიძის ნაცვლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი შეემატება.
ქალაქის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში, სადაც შედის ხუთი უბანი: 60/3 _ რაიცენტრალური, 60/08 _ სერის უბანი, 60/10 _ ექადია, 60/55 _ ცენტრი 3 და 60/57 _ ანასეული _ გაზაფხულზე შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეთა მრავალი კანდიდატი სახელდება.
ბუნებრივია, დიდია საზოგადოების ინტერესი იმ მხრივ, თუ როგორ წარიმართება პროცესები, იქნება თუ არა ეს არჩევნები ცოტათი მაინც უკეთესი დემოკრატიულობის ხარისხით, ვიდრე ყველა წინა არჩევნები, მით უფრო, როცა ოზურგეთს მწვავე დაპირისპირება ახსოვს უახლოეს წარსულში. მოქალაქეებს აინტერესებს, ვინ არიან საკრებულო წევრობის კანდიდატები, ვინ ვის ლობირებს და შესთავაზებენ თუ არა საზოგადოებას რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს, თუ მხოლოდ ერთ კანდიდატზე გაკეთდება აქცენტი?!
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 9 თებერვალს, ოზურგეთში საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ _ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე. შეხვედრას დაესწრო, ასევე, მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საუბარი, ძირითადად, საკრებულოს წევრობის კანდიდატთა დასახელებას შეეხებოდა მომავალ შუალედურ არჩევნებში. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ შეკრებილებს ოზურგეთელი კოტე სარიშვილის კანდიდატურა შესთავაზა. სარიშვილი ორი წლის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში მუშაობდა, სადაც გახმაურებული კონფლიქტის გამო, სამსახურის დატოვება მოუხდა და ახლა წარმატებულ სამეურნეო საქმიანობას ეწევა. ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ნასარაიამ ისე დაასახელა სარიშვილის კანდიდატურა, რომ მას არც კი იცნობს. წყაროსავე თქმით, სარიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კოტე შარაშენიძის ფავორიტია და გუბერნატორის მეშვეობით სცადა მისი კანდიდატურის გახმოვანება.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, სცადა თუ არა კოტე შარაშენიძის ფავორიტის კანდიდატურის გახმოვანება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, ზურაბ ნასარაია უარყოფს.
_ ჩემი თანდასწრებით ამ თემის განხილვა არ მომხდარა, მასში მონაწილეობა არ მიმიღია, _ აცხადებს ის „გურია ნიუსთან“.
თავის მხრივ, კოტე სარიშვილი ამბობს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს და ასეთი არაფერი მომხდარა:
_ თქვენ რაკი მეუბნებით, შესაძლოა, ეს მართალი იყოს, თუმცა, მე პირველად მესმის, რომ ჩემი კანდიდატურა ვინმემ დაასახელა. ამის შესახებ მე საუბარი არც შარაშენიძესთან მქონია და არც სხვასთან. ისე, სადღაც-სადღაც მეგობრები კი მეკითხებიან, რას ვფიქრობ, რას ვაპირებ, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას… მოკლედ, ოფიციალურად ამის შესახებ, მე საუბარი არსად მქონია და მეტს ვერც ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა სარიშვილმა.
კოტე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ სარიშვილს არაფერი სჭირს საიმისო, რომ მუნიციპალიტეტის მერის ფავორიტი იყოს და არც არავისთვის უთქვამს ამის შესახებ.
_ გამოვრიცხავ კოტე სარიშვილის ლობირებას შუალედურ არჩევნებში და არც გუბერნატორთან მისაუბრია ამის შესახებ. მას არ სჭირდება ჩემი ლობირება, _ აცხადებს ჩვენთან შარაშენიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციულ საკითხებზე.
_ მინდა გითხრათ, რომ იქ რომელიმე კანდიდატის განხილვა არ ყოფილა, _ ამბობს დავით დარჩია.
კითხვაზე _ კანდიდატურა არ განხილულა, რადგან გუბერნატორმა თავიდანვე უარყოფითი პასუხი მიიღო? _ საკრებულოს თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ვერ გვეტყვის, ვინ ვისი კანდიდატურა დაასახელა.
_ თქვენგან უფრო მეტი მესმის, ვიდრე მე იქ მოვისმინე. ბევრ კანდიდატურას მისახელებთ და ყველა ღირსეულია. კარგია, რომ ასეთი არჩევანია და არა ერთის და ორის. მე ვერ გეტყვით, ვინ ვისი კანდიდატურა დაასახელა, არ ვიცი. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, _ გვითხრა მან.
ოზურგეთის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ პარტია უახლოეს დროში დაასახელებს ღირსეულ კანდიდატურას და წარუდგენს საზოგადოებას.
_ შეხვედრაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, რომელსაც გუბერნატორიც ესწრებოდა, განხილული იყო საორგანიზაციო, ინფრასტრუქტურული და მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები. კონკრეტიკაში ვერ შევალ. ზოგადად იყო საუბარი მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზეც. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პარტია დაასახელებს კანდიდატებს ძალიან მალე და წარუდგენს საზოგადოებას. გეტყვით ერთს, რომ პარტია ღირსეულ კანდიდატზე შეჩერდება.
აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მოაზრებულ საკრებულოს წევრობის კანდიდატთაგან ერთ-ერთი, საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ლევან თოიძის შვილი სოფიო თოიძეა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურის სამსახურში, უმცროს სპეციალისტად მუშაობს.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მას განსაკუთრებით მხარს არა „ქართული ოცნება“, არამედ საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ლავრენტი ბიგვავა უჭერს. ჩვენთან საუბრისას სოფიო თოიძემ დაადასტურა, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას:
_ ჯერჯერობით, თავს შევიკავებ დაკონკრეტებული პასუხისგან. ისე კი, ვეცდები, საუკეთესოებს შორის საუკეთესო ვიქნე. რაც შეეხება ლავრენტი ბიგვავას მხარდაჭერას, ის მამაჩემის მეგობარია, ჩემი ოჯახის წევრია და გასაკვირი არაა, მხარს მიჭერდეს. ისე, კი, უმჯობესი იქნება, თავად ბატონ ლავრენტის ჰკითხოთ, მიჭერს თუ არა მხარს, _გვითხრა ქალბატონმა სოფიომ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ლავრენტი ბიგვავამ „გურია ნიუსთან“ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სოფიო თოიძეს:
_ მე მას დავუჭირე მხარი. კარგი ახალგაზრდაა, ქალბატონია და სასურველია, მომავალ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. კარგ ოჯახშია აღზრდილი, თავადაც აქვს მზაობა, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში. რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება. თუ პარტია სხვა არჩევანს გააკეთებს, რა თქმა უნდა, მე პარტიას დავუჭერ მხარს, _ გვითხრა ლავრენტი ბიგვავამ.
საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელებულმა, ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულ და სანდოდ მიჩნეულმა, პარტიის ოზურგეთის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ამიტომ განაცხადა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე:
_მთავარი მოტივი ჩემგან უარის თქმისა იყო ის გარემოება, რომ მაისში პიკზეა დრო იმ საქმეში, რაშიც მე ვმოღვაწეობ. ამიტომ ვამჯობინე არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობასთან შეხვედრას, მე არ ვესწრებოდი და არც ინფორმაციას ვფლობ, ვინ ვისი კანდიდატურა დაასახელა, _ გვითხრა გია ხაჭაპურიძემ.
საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელებული 27 წლის ბექა ფუტკარაია, რომელიც 2012-2014 წლებში იყო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მუშაობს და საუკეთესო ახალგაზრდად ახასიათებენ. ფუტკარაიამ „გურია ნიუსთან“ განაცხადა, რომ პირველად არ ესმის ამის შესახებ, თუმცა, ოფიციალურად ჯერ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.
ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის ყოფილი მოადგილე ალეკო ბურჭულაძე, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი, ყველაზე კატგორიულია და ამბობს, რომ არანაირი პრეტენზია ამ თემასთან დაკავშირებით, არასდროს გამოუთქვამს. კითხვაზე _ პირველად ჟურნალისტისგან გაიგო თუ ამის შესახებ, ამბობს, რომ
_ შევჯერდეთ ასე. ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია. არც სურვილი გამომითქვამს. თუ აწი შემომთავაზებენ, ეს უკვე სამომავლო თემაა და მომავალში ვისაუბროთ, _ გვითხრა მან.
ოზურგეთში ცნობილი ბავშვთა ექიმი, დავით მდინარაძე, რომელიც ერთხელ უკვე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამჯერად იმ ოთხეულშია, ვისაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად ენდობა მუნიციპალიტეტში. მდინარაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას მდინარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი იცის.
_ ოფიციალურად არაფერი ვიცი. თქვენგან გავიგე. ისე ქუჩაში და მეგობრებში მესმის, მეკითხებიან. ქალაქზე ზრუნვა კი მიყვარს. მიყვარს ჩემი ოზურგეთი და ოზურგეთელები. როდის არის არჩევნები? მაისში? მაისამდე დრო ყოფილა და მაისში ვისაუბროთ, _ გვითხრა მდინარაძემ.
კიდევ უფრო მოკლე და ზოგადი პასუხი გაგვცა, ასევე, ავტორიტეტულ კანდიდატად მოაზრებულმა და დასახელებულმა, ნუგზარ ურუშაძემ. ის ერთხელ უკვე იყო ოზურგეთის საკრებულოს წევრი. ახლა პარტიის რაიონულ ორგანიზაციაშია და როგორც თავად ამბობს, უხმაუროდ ემსახურება თავის საქმეს.
_ მე ვიცი ის, რომ პარტია საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე წარადგენს კანდიდატებს. მეტს ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მერაბ ჭანუყვაძეს ესაუბრა. ჭანუყვაძის თქმით, ვინმეს მიერ დასახელებულ კანდიდატზე ინფორმაციას არ ფლობს.
_ ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები გუნდის შიგნით შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვის დააყენებს „ქართული ოცნება“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოლქში კანდიდატად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბევრ ღირსეულ და გამორჩეულ კანდიდატთან, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
„გურია ნიუსის“ წყაროს მტკიცებით, ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ოთხი კანდიდატი ეყოლება: ნუგზარ ურუშაძე, ალეკო ბურჭულაძე, დავით მდინარაძე და ბექა ფუტკარაია. სავარაუდოდ, საბოლოო არჩევანი ბურჭულაძესა და ურუშაძეს შორის გაკეთდება და იმ შემთხვევაში, თუ ბურჭულაძე უარს არ იტყვის, შესაძლოა, საბოლოოდ არჩევანი მასზე შეჩერდეს. ამასთანავე, ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ კანდიდატების საზოგადოებისთვის შეთავაზებაზეც საუბრობენ და ვინც მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, მის კანდიდატურაზე შეჩერდებიან.