ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ვენესუელას უსაფრთხოების ძალებს მოუწოდებს, სწორად მოიქცნენ და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შეუშვან.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ საზღვრებთან საერთაშორისო დახმარების მიტანა უზრუნველყო, თუმცა, მადურომ, რომელიც პოსტს არ ტოვებს, ქვეყანაში დახმარების შესვლას ხელი საზღვრების დაკეტვით შეუშალა, შეკრებილი მოსახლეობის დასაშლელად კი მათი დარბევის ბრძანება გასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროების ნაწილმა პოსტი დატოვა და მარდაჭერა გუაიდოს გამოუცხადა.
“ვენესუელას სამხედროებმა თავიანთი მოვალეობა უნდა შეასრულონ, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები და თავიდან აიცილონ ბავშვების შიმშილი”, _ ამბობს პომპეო.
პომპეო, ასევე, აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც ვენესუელაში დემოკრატიული პროცესის აღდგენას ხელს შეუშლის.
“ახლა არის დრო ვენესუელას სასოწარკვეთილი მოსახლეობის საჭიროებების მხარდასაჭერად ვიმოქმედოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს”, _წერს პომპეო.