პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.
ამის შესახებ ოფიციალურად გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა, როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, კვაჭანტირაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ, უმრავლესობის ლიდერს, ელექტრონული ფოსტით 26 თებერვლას გაუგზავნა:
„მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ. გთხოვთ მიიღოთ ცნობად”, _ წერია არჩილ თალაკვაძისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
კვაჭანტირაძემ, რომელიც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფება, მედიასთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა. აღნიშნა, რომ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე თვის წინ ესაუბრა, თუმცა, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა, როგორც კვაჭანტირაძე ამბობს, ნაჩქარევად მიიჩნიეს.
„არ მინდა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკვნეული თემა. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული მაქვს, სრულიად არ მგვრის სიამოვნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, არჩევანი მქონდა.
ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი და ეს იქნება სწორი ასევე, ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც 2012 წლის პირველი ოქტომბერი მოვიტანეთ.
მე ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მიიღეს და ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს თემა. სასამართლოს თემა იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა“,_ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისი მხრიდან უმრავლესობის და ფრაქციის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე უფრო მეტ განმარტებას ელის არჩილ თალაკვაძე.
„ბატონი ზვიად კვაჭანტირაძის მხრიდან ასეთი განცხადების ატვირთვა, თუ ასეთი განცხადების ჩაბარება უმრავლესობის ოფისისათვის რა თქმა უნდა საჭიროებს მეტ განმარტებებს და საუბარს გუნდთან,” _ აღნიშნა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერისთვის პასუხის გაცემას ჯერჯერობით არ გეგმავს ზვიად კვაჭანტირაძე:
_არჩილ თალაკვაძესთან კითხვა-პასუხი ჩემთვის არაა საინტერესო საერთოდ, _ აღნიშა კვაჭანტირაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, თალაკვაძე და უმრავლესობის სხვა წევრები განმარტებებს მოგვიანებით მიიღებენ:
„განმარტებებს მიიღებენ ჩემი ახალი ტრიბუნიდან”, _ გვითხრა კვაჭანტირაძემ, რომელიც „ახალი ტრიბუნის“ დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.