როგორც „გურია ნიუსს“ აცნობეს, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა დახურული კონკურსი ჩატარდა. როგორც წყარო გვეუბნება, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსად, კარგა ხანია, მოაზრებული იყო დარეჯან გოგოტიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ოსიკო თოთიბაძის თანაშემწე და კონკურსი ფორმალურად ჩატარდა.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა თავად დარეჯან გოგოტიშვილს. კითხვაზე _ შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს, გოგოტიშვილმა გვიპასუხა, კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ელოდება შედეგს.
_ მე 2010 წლიდან ვმუშაობ ამ შენობაში. იყო ჩვეულებრივი კონკურსი გამოცხადებული და მივიღე მონაწილეობა. მეტს ვერაფერს გეტყვით. ველოდები შედეგს.
კონკურსის მეორე მონაწილე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ნინო ნიკოლაიშვილია.
_ კონკურსი ამ თანამდებობაზე თებერვლის დასაწყისში გამოცხადდა და შევიტანე განაცხადი. გუშინ კულუარულად მითხრეს, რომ ეს ადგილი კარგა ხანია კონკრეტული პიროვნებისთვისაა გათვლილი, თუმცა, მე მაინც მივიღე მონაწილეობა, მაინც გამოვუცხადე ნდობა ვაკანსიას და არ ვარ უკმაყოფილო. ცოტა კი ვინერვიულე, იყო ფსიქოლოგიური მომენტი, რადგან მითხრეს, რომ სხვისთვისაა გათვლილი. ვნახოთ, დაველოდოთ შედეგს, _ გვითხრა ნინო ნიკოლაიშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ შილაკაძემ, მიუხედავად ჩვენი არაერთი ზარისა და მესიჯისა, „გურია ნიუსს“ არ უპასუხა.