გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც პროკურატურამ საქმის დეტალების შესახებ გააკეთა განცხადება.
გენერალური პროკურატურის განცხდებით, 2008 წლის აპრილ-მაისში – ,,თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე – ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.
პროკურატურის ცნობით, 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.
უწყების განცხადებით, 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით.
“თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი ბანკმა“:
1. აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია;
2. საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;
3. არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;
4. არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა”, – წერია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უწყების თქმით, ,,თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.
“საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.
ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს.
ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია”, – წერია განცხადებაში.