დიდი შიდა დაპირისპირებისა და გადანაწილების შემდეგ უმრავლესობის დარჩენილი წევრები კვლავ ბიძინა ივანიშვილთან იკრიბებიან. შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. ივანიშვილთან გამართული კონსულტაცია სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება მათთვის, ვინც „ქართული ოცნებიდან“ წასვლას ჯერ კიდევ ფიქრობს და ამის შესახებ ღიადაც მიანიშნებს.
„ჩვენს წინაშე ახლა დგას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ “ქართულ ოცნებაში” მოხდეს რეალური გარდაქმნა. ეს ერთადერთი შანსია, რომ ჩვენ 2020 წელს წარვსდგეთ თავიდან არჩევნებში. ამ 7 წლიანი მმართველობის პერიოდში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზების გამო, იყო მოსამართლეების თემა და სხვადასხვა თემები, რამაც რა თქმა უნდა გარკვეული ცვლილება განიცადა და ახლა ჩემი მთავარი მიზანი მხარდაჭერისა, შიგნით აი ამ გუნდში, არის ის რომ მაქსიმალურად აღდგეს ეს დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ.
“მე რესურსს ვხედავ ჯერ ჯერობით, ამიტომ ვაგრძელებ იმ მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირებას, რომელიც ჩემი აზრით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ “ქართული ოცნებისათვის“, იმისათვის რომ მან სახე შეინარჩუნოს და ამომრჩევლის წინაშე 2020 წელს ნამდვილად განახლებული წარდგეს. სამწუხაროდ, დღეს ეს იმიჯი დამახინჯებულია, დაზიანებულია. ჩემი მოლოდინი არის რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას,”-აცხადებს რომან კაკულია.
რაც შეეხება ინსტრუქციებს, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატები საერთო ჩატიდან იღებენ, კაკულია ამბობს, რომ მას ექვსი თვეა ამ ჯგუფთან შეხება არ ჰქონია და მხოლოდ ერთადერთი სურვილი აქვს ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
rustavi2.ge