“ფერთა სამყაროში” _ ასე ჰქვია თვითნასწავლი შემოქმედის, თამარ კალანდაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც 5 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრით და მასალით შესრულებული 120 ნახატი და 40 ხელნაკეთი ნივთი.
თამარ კალანდაძე პროფესიით ფსიქოლოგია. მას პედაგოგად მუშაობის 40 წლის გამოცდილება აქვს. ეს გამოფენა შემოქმედისთვის პირველია.
“ვხატავ და ვქმნი იმიტომ, რომ ადამიანებს მივანიჭო ბედნიერება და სიხარული. ამას ჩემს მისიად ვთვლი. როდესაც ადამიანი ნამუშევრებს ნახავს, უნდა იგრძნოს ესთეტიკური ტკბობა და პოზიტიურად დატვირთული წავიდეს. მინდა, ადამიანებს ცხოვრება გავულამაზო. ჩემი ნამუშევრები არ არის ექსპრესიული, უშუალოდ ემსახურება ადამიანის განწყობის შექმნას. ჩემი მიზანია, ვაჩვენო ადამიანებს მშვენიერი სამყარო, ის, რაც ძალიან ლამაზია. ჩემი შემოქმედება ადამიანებს მოუწოდებს სიყვარულისაკენ და კეთილგანწყობისაკენ. მეგობრებო, გიყვარდეთ და მოეფერეთ ერთმანეთს”, _ აღნიშნა თამარ კალანდაძემ.
გამოფენას ესწრებოდნენ სკოლების, რესურსცენტრის, სამუზეუმო გაერთიანების, სამხატვრო გალერეის, მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები.
გამოფენა შუაფარცხმის საჯარო სკოლაში 7 მარტის ჩათვლით გასტანს.