აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ 12 ქართველის ცხედარს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ომის დროს დაკარგულთა იდენტიფიცირება შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.
იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი, ერთი მოხალისე და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 12 ქართველის გარდა, ამ ეტაპისთვის 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული სულ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი. ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.
ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირება და გადმოსვენება პირველად 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 163 პირი.