“ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ” _ ასე უპასუხა კონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის თემას ეხებოდა.
“თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”, – განაცხადა ქობულიამ.
არსებული ინფორმაციით, წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში მდებარე ქობულიას სახლი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს:
„გავიგე,რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან,“ _ ამბობს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეზობელი, რომელიც ქობულიას სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ამბობს, რომ მინისტრის სახლში მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია აქვს, იცის ისიც, რომ სახლიდან ნივთები წაღებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. კითხვაზე, თუ ქურდობა არ მომხდარა, რატომ ყვებიან მეზობლების ამის შესახებ, შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ გვითხრა, რომ მათ ქურდობის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია და შესაბამისად, ფაქტს არ ადასტურებენ.