ბახმაროს ოფიციალურად უკვე მიენიჭა დაბის სტატუსი _ შესაბამისი განკარგულება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 25 მარტის სხდომაზე გამოსცა.
_ საკმაოდ ბევრი პროცედურის გავლა მოგვიხდა. ამ თემაზე მუშაობისას გაირკვა, რომ ბახმაროს ოფიციალური სახელი საერთოდ არ ჰქონდა. ეს იყო ისტორიული სახელი და არა სახელდება. ამიტომ მივანიჭეთ ჯერ სახელი ბახმარო. საკრებულოზე მოწონების შემდეგ დოკუმენტი გადაიგზავნა სახელდების სახელმწიფო კომისიაში, მივიღეთ თანხმობა და ამის შემდეგ დაიწყო დაბის მინიჭების პროცედურა, რაც უკვე გახორციელდა და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის რეესტრში 24-ე დასახლებულ პუნქტად შევიდა დაბა ბახმარო, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს დაბა ბახმაროს მცხოვრები:
_ არ აქვს მნიშვნელობა ბახმაროში ფლობს თუ არა ქონებას. ყველას შეუძლია მისი მაცხოვრებელი გახდეს, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.
მისივე თქმით, მალე, აღმასრულებელი ხელისუფლება, ბახმაროში მერის წარმომადგენლის ასარჩევად კონკურსს გამოაცხადებს.