თვალის გაწითლება გადაღლის მთავარი ნიშანია. ის მაშინ ჩნდება, როცა სისხლი ქუთუთოებს აწვება. დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად ზიხართ თუ არა კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ, რა პოზაში კითხულობთ წიგნს, წერთ და ასე შემდეგ. არ შეიძლება, წიგნი წამოწოლილმა იკითხოთ, მით უმეტეს, შედარებით სუსტი განათების ფონზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერთან სწორად ჯდომას. ის უნდა იდგეს მაგიდაზე, თქვენ წინ, დაახლოებით, 60 სანტიმეტრის მანძილზე, ისე, რომ ეკრანის ზედა საზღვარი იყოს თვალების დონეზე ან ქვემოთ, არა უმეტეს თხუთმეტი სანტიმეტრისა. არ შეიძლება, ტელევიზორის ეკრანიდან ხუთ მეტრზე შორს ან ძალიან ახლოს ჯდომა. ასევე, არ არის რეკომენდებული მისი საძინებელ ოთახში ყურება. ეცადეთ, დროდადრო ყურადღება ეკრანის მიღმა გადაიტანოთ, მოათვალიეროთ ოთახში დადგმული საგნები და თვალები ასე დაასვენოთ. ასევე, აუცილებელია, ტელევიზორის ყურების დროს გააკონტროლოთ სუნთქვა, რადგან საინტერესო გადაცემის ან ფილმის ყურების დროს, ადამიანი პერიოდულად იკავებს სუნთქვას. ეს გაუაზრებლად ხდება. ამ დროს უნდა ისუნთქოთ ღრმად.
კომპიუტერთან მუშაობის დროს, დროდადრო შეისვენეთ და გაავარჯიშეთ კისრის კუნთები. კისერი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ მიატრიალ-მოატრიალეთ, ათი წუთის შესვენების შემდეგ კი, განაგრძეთ მუშაობა.
დაღლილობის თავიდან ასაცილებლად ჭამეთ ვიტამინებით მდიდარი სალათები და სვით ნატურალური ხილ-ბოსტნეულის წვენები. თვალებისთვის სასარგებლოა უმი სტაფილოს ჭამა. თუ ახლომხედველი ხართ, მიიღეთ თაფლი, მოცვი ან მაქსიმალურად გაზარდეთ იოდის შემცველი საკვები პროდუქტების რაოდენობა.
თუ გრძნობთ, მხედველობა გაგიუარესდათ, ხშირად გაქვთ თვალის ქავილისა და წვის შეგრძნება, ასევე გიწითლდებათ, მიდით ექიმ-ოფთალმოლოგთან.
ადამიანის თვალი ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომ, ეცადეთ, არ გადაღალოთ, გაუფრთხილდეთ მხედველობას, რომ სიბერემდე ყველაფრის საღად დანახვა და აღქმა შეძლოთ.