“ევროპულმა საქართველომ” ოზურგეთში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოლქში (ანასეული-ექადია, სერი) საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად კობა ზაქარეიშვილი დაასახელა.
ზაქარეიშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ანასეულში, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ წარადგინა
უგულავამ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუც მიმოიხილა:
_ 7 წლის თავზე კაცი გვეუბნება რომ სერიალები უნდა გადაიღოს და ფული ამაში დახარჯოს. ეს კაცი გასაკოჭია, _ აღნიშნა უგულავამ ამომრჩეველთა საუბრისას.
მისივე თქმით, ივანიშვილს ყველაფრის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი და ეს არ უნდა დაუშვან.
უგულავას თქმით, ივანიშვილს ხალისთვის ტვინის გამორეცხვა უნდა და ამის უფლებას არავინ მისცემს.
_ თუ აქ გაიმარჯვებს ოპოზიცია, მერწმუნეთ, მთავრობა უფრო მეტს გააკეთებს. რაც უფრო მეტს ეჩხუბებით მთავრობას, მეტს გააკეთებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აქ ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს, _ აღნიშნა გიგი უგულავამ.
კობა ზაქარეიშვილმა გურიაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:
_ წლების განმავლობაში ვცხოვრობდი გურიაში, ოზურგეთში, კონკრეტულად ანასეულში და ისეთი განცდა მაქვს, რომ საკუთარ ოჯახში ვარ. გპირდებით, შემოვალ თითოეულის ოჯახში, ვიქნები მუდმივ კონტაქტზე და თქვენი ხმა ოზურგეთის საკრებულოში, _ მიმართა ამომრჩეველს ზაქარეიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ევროპული საქართველოს კანდიდატს მხარს “ნაციონალური მოძრაობაც” უჭერს.