გამარჯობა შენი. წელს სხვანაირად მოვიდა გაზაფხული. მერცხლებს მოასწარი. სიცოცხლე მოგვიტანე. ჩვენი სამყოფი ბედნიერებით აავსე. სიცოცხლედ ჩადექი ჩვენს შუა, შენით გავხდით ერთ ხორც და ერთ სისხლ. ერთი ორად, ორი სამად… და ეს სამი ერთად, ერთიანად და მთელად ვიქეცით.
გუშინ შენი პირველი ფოტო ვნახე. სასაცილო ლაქად მოჩანხარ ზედ. თუ არ იცი, იქნებ, ვერც მიხვდე, რა ხდება. მაგრამ შენ ხარ. იმ ფოტოკამერას, რითაც გადაგიღეს, ექოსკოპია ქვია. როგორც ჰამაკში მონებივრე, ისე ხარ მოკალათებული. სიცილით ვარჩევთ _ ეს ხელებია… აქ ფეხები…ესეც პაწაწინა ტაკო…
ფილმად ვხედავ იმ გასავლელ წლებს, ერთად რომ უნდა გავიაროთ. ერთად დავდივართ საბავშვო ბაღში, სკოლაში, გზად ვისვენებთ, ვჭამთ ნაყინს, როგორ ავსებს სამყაროს შენი კისკისი… დავრბივართ მინდორზე, ავდივართ მთაში… არასოდეს არაფერი გვაბრკოლებს.
გულში საიდანღაც შემოსული სიხარული იღვრება, დავდივარ შენთან ერთად და მიხარია სიცოცხლე _ დედასით შენი, შენით ჩემიც და ასე უსასრულოდ, წრეზე.
ხვალ წავალ, სამოგზაურო ნივთებს ვიყიდი. ვჩქარობ? _ არა, უბრალოდ, არ მინდა მერე დრო დავკარგო. ვიცი მოგეწონება, რასაც ვიყიდი. _ საიდან ვიცი? _ გიცნობ, თან ძალიან კარგად. ისიც კი ვიცი, როგორი იქნები და როდის, რა და როგორი კაბები გეცმება. როგორი ნაწნავები გექნება და ისიც პეპლებიანი თმისაჭერები რომ გეკეთება. ასე რომ, გელოდებით მზისქვეშეთში სრული მზადყოფნით. მოდი, გელოდებით!
ბასილი ნიკოლაძე