მთავრობის ადმინისტრაცია პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება.
„საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს „ფერიმ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი 3“ – ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელქტროენერგია 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია – 40 მლნ აშშ დოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს. კერძოდ, პანკისის ხეობის, მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია.
მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.