10 მაისს, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” ჩატარდა შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლის მიზანიც, პროექტის “ვირჩევ, ვენდობი, ვამოწმებ” ფარგლებში გასამართი საარჩევნო ინტელექტუალური თამაშის დაგეგმვა იყო.
ორგანიზაცია “Post-ალიონი” ინტელექტუალურ შეჯიბრს გამართავს ახალგაზრდების ორ გუნდს შორის, რომელიც გურული ლელოს პრინციპით ჩამოყალიბდება: ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის გაღმა მცხოვრები ახალგაზრდები “გაღმელების” გუნდში გაერთიანდებიან, ხოლო ბჟუჟს გამოღმა მცხოვრებნი _ “გამოღმელების”. გუნდები ერთმანეთს საარჩევნო პროცედურებისა და თვითმმართველობის ფუნქციების შესახებ საკითხების ცოდნაში შეეჯიბრებიან.
შეხვედრაზე ერთწუთიანი ვიდეორგოლების პრეზენტაციაც შედგა, რომლებიც ახალგაზრდებს არჩევნებზე მისვლას და აქტიურობისკენ მოუწოდებს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეიმურაზ კუტუბიძემ. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, ამომრჩევლისთვის შეთავაზებული სერვისები და 2019 წელს დაგეგმილი საარჩევნო-საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. ასევე, უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის კოორდინირებული ჩართვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, კონტრიბუციაა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც ხელს უწყობს პროექტების ბენეფიციარი მოქალაქეების ინფორმირებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ და ამომრჩევლის მიერ დასმულ შეკითხვებზე კვალიფიციური პასუხების მიღებას.