„გუშინ რუსული ოცნება შედგა საქართველოს დედაქალაქში“, _ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
მისი შეფასებით, ივანიშვილი პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაჩინა, რომ სინამდვილეში რუსულ ოცნებას წარმოადგენს.
„ბატონი ივანიშვილის პარტიამ თავისი თავი გამოაჩინა, ვინც და რაც არის, ამიტომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ „ ქართული ოცნება“ და ეს პარტია მოვიხსენიოთ, როგორც რუსული ოცნება. გუშინ რუსული ოცნება შედგა საქართველოს დედაქალაქში.
ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის, რადგან დიდი ხანია ვიცი ვინც არის და ვისაც ეკუთვნის ბატონი ივანიშვილი, ხოლო ქართული ოცნება უნდა დავარქვათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავგამოდებით ცდილობდნენ, რომ არ გალაღებულიყო რუსული ოცნება“, _ამბობს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ სასიკეთო ვერაფერი მოხდება თუ რომელიმე მხარე „ძალოსნობის სპექტაკლს“ გააგრძელებს.
„ასე თუ ისე, ჯერ-ჯერობით სიმშვიდის დამყარება არის საქართველოს ოცნება, რუსული ოცნება შედგა, რომელსაც უნდა მოეღოს ბოლო და ქართული ოცნება არის ჩვენი ახალგაზრდობა. უნდა ვეცადოთ, რომ არ მივცეთ საშუალება ვინმეს რომ ჩამოგვაშოროს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, ეს არის რუსეთის ოცნება, რომელიც თანდათან იქნა შესწავლილი და ჯერ-ჯერობით მშრალად დარჩენილი“, _ამბობს ცისკარიშვილი.