რომან გოცირიძემ პროკურატურის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან ერთად ამბოხების მუხლით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. გოცირიძის თქმით, ხელისუფლება არის აგონიაში და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
მისი თქმით, ამ ფორმით მმართველი გუნდი ცდილობს, გადაფაროს საზოგადოების პროტესტი და სამართლიანი მოთხოვნა, შს მინისტრის გადადგომის შესახებ.
„სამართლებრივად აბსურდს ამბობენ, თითქოსდა ვიღაც აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების დამხობას. ასეთი შიშები ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ ეს შიშები უფრო კომიკური ფორმით ვლინდებოდა. ხელისუფლება არის აგონიაში, უშვებს და უშვებს შეცდომებს, გრძნობს, რომ დაკარგა მთლიანად ხალხის ნდობა, ქვეყანა შეჰყავს უფრო დიდ კრიზისში, აპირებს რეპრესიების დაწყებას და ოპოზიციის დევნას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.