აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დავით გარეჯში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მომხდარ ინციდენტზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.
როგორც აზერბაიჯანული ონლაინ-გამოცემა „ტრენდი“ წერს, ადამიანების ჯგუფმა „აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა მესაზღვრეებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას დავით გარეჯის კომპლექსთან ასრულებდნენ.
„წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ტრენდის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყებას.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯში, 14 ივლისს ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება.
„მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით.სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ადგილობრივების ცნობით, დავით გარეჯში დაძაბულობის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, კელიებს კი ტუალეტად იყენებენ.
გუშინ ამ საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, 14 ივლისს, ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან.
„მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი მათ შორის. ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად სიტუაცია დროულად იქნა განმუხტული. არის მშვიდი ვითარება“, – განაცხადა კუპატაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განმარტეს, რომ ხატები ამინდის გაუარესების შემთხვევაში, სამლოცველოებში დაზიანდებოდა და ეს რომ მათ არ დაბრალებოდათ, გამოიტანეს და ქართულ მხარეს გადასცეს.