მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. (R)