“ლარის მდგომარეობის ტურიზმზე გადაბრალება – როდესაც ტურისტების საერთო რაოდენობაში მაინც ზრდაა _ უტიფრობაა,” _ წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, “ლარის მდგომარეობას განაპირობებს ინვესტიციებში კლება”:
“ინვესტიციებში კლება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანას მოაჯდა ერთი მილიარდერი და არ არსებობს სამართლიანი სასამართლო,” _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურების მიზეზად ტურისტების ნაკლებობას ასახელებს:
“საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა და ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე,” _ აღნიშნავს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს.
„საქართველოში ტურისტული შემოდინებებიდან მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს დასტურდება რიცხვებითაც. ამ ეტაპზე საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა, ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი. მე აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის.
შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი და პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის მიმართულება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლები არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები აღებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია, რათა ნორმალურად და ყველაზე ნაკლები დანაკარგებით მოხდეს გადატანა აი ასეთი სიტუაციების.
საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი, ეს იყო 2014-2016 წლები, ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.