დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს.
ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის.
_ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა.
ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში.
_ ბაზარი კერძო ტერიტორიაა და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან.
ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ, სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში შემოგთავაზებთ.