“მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“, – ამის შესახებ განცხადება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 20 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ შესაძლო სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით გააკეთა. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქის“ წამყვანმა ცქიტიშვილს ჰკითხა, უშვებს, თუ არა სასამართლო დავების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო დეკემბრის ბოლოს შეწყვეტს კონტრაქტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.
„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან. სამწუხაროდ, მე ამას ვამბობ, იმაზე დაყრდნობით, თუ რა მესიჯებს ვისმენთ, რა ტერმინოლოგიას იეყენებ, განსაკუთრებით ბოლო დროს. რამდენიმე ასეთი სიტყვაა დამაფიქრებელი – პოლიტიკური საბოტაჟი, დივერსია და ა.შ. მე მაინც გავიხსენებ და შეგახსენებთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის რიტორიკას ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტი იყო დაწყებული იმის გამო, რომ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ოკუპირებულ ტერიტორიას, რომ ეს არის რეგიონისთვის აუცილებელი. მთავრობაზეც იყო ერთგვარი ზეწოლა და სპეკულაციები, რომ ეს არ იყო თითქოს მნიშვნელოვანი მთავრობისთვის.
მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ახსოვთ თავისივე სიტყვები, თუ რის გამო იყო მათთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი და ამიტომ მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“. – განაცხადა ცქიტიშვილმა.