სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი აჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება ან იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ფასების 0.9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში განისაზღვრა 0.78 პროცენტული პუნქტით. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (2.4 პროცენტი) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1.3 პროცენტი).
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც 0.11 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიან ინდექსზე.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.58 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.6 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.5 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (42.4 პროცენტი);
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 21.5-პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა;
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რამაც 0.27 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.
1tv.ge