როცა ექიმს სიკვდილის ყოველ ჯერზე დამარცხება შეუძლია, ექიმი, რომლის დიაგნოზი მუდამ უტყუარია, ექიმი, რომლის სახელი თითქმის ნახევარი საუკუნეა ოზურგეთის, გურიის და სრულიად საქართველოს სამედიცინო სფეროს ამშვენებს, მალე 80 წლის გახდება!
თუმცა, წლებით და პროფესიით დაღლილი ნანა ტრაპაიძე არავის უნახავს. საკუთარი უმძიმესი ტკივილით, შვილის დაკარგვით ხანგრძლივად დამძიმებული ექიმიც არ უნახავთ და ეს იმიტომ, რომ მისი, როგორც ზეპროფესიონალი ექიმის და ადამიანური კეთილშობილების უსაზღვრო ბუნება, მუდამ თვალდაუხრელად დარაჯობდა პაციენტის სასწორზე დადებულ სიცოცხლეს!
„ის ჩემი ოჯახის წევრი მგონია“; „ჩემი დედა მგონია“; „ჩემი ღმერთია ის, ადამიანი ღმერთი“; „მასზე რა უნდა ვთქვა? მისი ღიმილი არჩენს და პაციენტისკენ მიმართული მზერა“; „ მისი ღიმილი მთელი მსოფლიოს ავადმყოფთა ტკვილის მორჩენის და დაფარვის ზონაა“; „თვალდახუჭული ვენდობი“; „ნანა ექიმმა მე გადამარჩინა, ჩემი ახლობელი გადაარჩინა, ნანა ექიმი მომავლშიც ბევრს გადაარჩენს“, _ ასე ახასიათებენ დღეს მშობლიურ ოზურგეთში ცნობილ ექიმ-რადიოლოგს, ნანა ტრაპაიძეს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ამ პროფესიით მუშაობს და ყველაზე დიდი წოდება, რაც მოიპოვა, უტყუარი, ზეპროფესიონალის ჩინია. არასოდეს უცდია წოდებების, ხარისხების მოხვეჭა. თუმცა, როცა სერტიფიცირების საკითხი დადგა, გამოცდაზე ასიდან 96 ქულა მიიღო და მუშაობაც მეტი შემართებით განაგრძო.
ნანა ტრაპაიძე 1941 წელს დაიბადა, ოზურგეთში. ქალაქის პირველი საჯარო (მაშინდელი საშუალო) სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დაიწყო მუშაობა.
_ მაშინ აუცილებელი იყო სტაჟი, 1960 წელს კი ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, _ გვიამბობს ქალბატონი ნანა და იხსენებს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ როგორ დაიწყო მუშაობა მშობლიურ რაიონში, ნაგომრის საექიმო ამბულატორიაში. ამ პოზიციაზე ცხრა წლის მანძილზე მუშაობდა. ვერ ათქმევინებ, რომ რომელიმე დღე მისთვის ძალზე ბედნიერი ან პირიქით, ნაკლებად საპასუხისმებლო ყოფილიყო.
„მუდამ უდიდესი პასუხისმგებლობა მაყენებდა ისე, თითქოს, ბრძოლის ველზე ვიდექი! როცა ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს შეხება, არ აქვს მნიშვნელობა, მას თითი სტკივა თუ გული, სულ “სმენაზე” უნდა ვმდგარიყავი“, _ ამბობს ნაცადი ექიმი.
1975 წელს ნანა ტრაპაიძე სამუშაოდ ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადავიდა და დღემდე მშობლიურ ქალაქში მისი სახელი სწორუპოვარი დასტაქარის სახელით კიაფობს.
ახლა იგი კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. რენტგენოლოგიური გამოკვლევებს სხეულის ყველა ორგანოზე ატარებს.
_ რა უნდა ვთქვა საკუთარ თავზე? _ ჩვეულებრივი ექიმი და ადამიანი ვარ. რით ვარ გამორჩეული? მე მაცოცხლებს ის, რომ როცა მესმის: „ ექიმო, თვალდახუჭული გენდობი, ვიცი, გადამარჩენ…“, ეს სიცოხლეზე მეტია, _ ასე რამდენიმე სიტყვით გამოხატავს საკუთარი პროფესიის სიყვარულს და ექიმის პასუხისმგებლობის არსს.
როცა ეკითხები, რატომ არ გამოარჩევს განსაკუთრებით წარმატებულ ეპიზოდებს საკუთარი მოღვაწეობიდან, ქალბატონი ნანა კვლავ სიტყვაძუნწობს:
_ მოსაგონარი ბევრი მაქვს, მაგრამ უფრო სევდით, ტკივილით და დარდით გაჯერებული და სავსეა…კარგია, როცა ასაკოვანი ადამიანი მხნედაა, აქტიურია, შრომობს, მაგრამ რამდენი გულისტკივილი ახლავს ხანგრძლივ სიცოცხლეს, ეს მხოლოდ წლებმომრავლებულმა იცის… მე პროფესიულ ცხოვრებაში გამიმართლა და ღმერთთან მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს _ ბოლომდე მიმფარველოს, რომ ისევ უშეცდომოდ, წარბშეუხრელად, სნეული ადამიანების სიყვარულით დამამთავრებინოს ცხოვრება“…
სნეულთა სიყვარულით სიცოხლის დამთავრებაზე ოცნებობს ღვაწლმოსილი ექიმი! სწორედ ასეთზე ითქმის, რომ ღვთისგან კურთხეული ფენომენი დევს მასში და უბრალო მოკვდავთ მისი ამოცნობა ყოველთვის არ ძალუძთ!
კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე ექიმ ნანა ტრაპაიძეს ასე აფასებს: „არის საკუთარი საქმის დიდოსტატი, უდიდესი პროფესიონალი. ამავე დროს უკეთილშობილესი პიროვნება. ნანა ტრაპაიძე ყოველთვის ასეთია _ მუდამ მაღალი პასუხისმგებლობით დგას საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად, სხვანაირად არ შეუძლია. მისი სულის ნაწილია ეს პროფესია.“
ოზურგეთის საზოგადოების თვალის სარკე ნანა ტრაპაიძის სახელს ისე ირეკლავს, როგორც სრულიად საქართველოს სიმდიდრეს, ექიმს, რომლის ვინაობასაც სახალხო სიყვარული ლამის მითოლოგიას ამატებს…
„მას სიკვდილის მოკვლა შეუძლია“; „მკვდარი გამაცოცხლა “; „მის დიაგნოზს გადამოწმება არ სჭირდება არსად, და ეს რომ ასეა, არაერთხელ დაამტკიცა“… _ ასე ამბობენ ოზურგეთში, გურიაში…
„როცა გულს შიში უღვთოდ დაწურავს,
მე გევედრებით ღონემიხდილი:
ექიმო, უნდა გადამარჩინოთ,
თქვენ შეგიძლიათ მოკლათ სიკვდილი!“ _
ეს გადაეცით ჩვენს ექიმ-იმედს და უთხარით, რომ მისი საკადრისი ლექსის დაწერა რომ შემეძლოს, ვინაობას მაშინ გავუმხელდი, თუმცა, გულის გულიდან რომ გულწრფელად წამომდინდა, თავად მიხვდება ყველაზე უკეთ, მოახლოებულ იუბილეს კი თავად მივულოცავო“, _ გვითხრა ერთმა ქალბატონმა, ნანა ექიმის ყოფილმა პაციენტმა…
„გურია ნიუსი“ წინასწარ უერთდება საყოველთაო მილოცვას.
ფოტო