ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართულ-იტალიური ორმხრივი პროგრამის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მონაწილეებმა, რომლებიც იტალიელი და ქართველი ახალგაზრდები არიან, დამსწრე საზოგადოებას ერთობლივი ღონისძიება წარუდგინეს _ შეასრულეს სახალისო ნომრები, წარმოადგინეს ორივე ქვეყნის კომპოზიციები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, ბარის პროვინციის ქალაქი კასტელანა გროტეს მერს ფრანჩესკო დე რუვოს, მისასალმებელი წერილის საპასუხოდ, სამომავლო თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ ერთხელ უკვე წერილობით დაუდასტურა. მანვე სამახსოვრო საჩუქრები სოციალური პრომოუშენის ასოციაციის პრეზიდენტს, ჟურნალისტს დანიელა ლოვეჩეს გადასცა.
პროექტი, რომლის სახელწოდება „ალეგრობაა“, მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამის _ „ერაზმუს+“ ფარგლებში, იტალიური ნაციონალური სააგენტოს მიერ. განმახორციელებლი მასპინძელი ორგანიზაციაა სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო. პროექტის ფარგლებში ოზურგეთს 13 ახალგაზრდა ეწვია. ხოლო დანიელა ლოვეჩე პროექტში ქართული დიასპორის აქტიური წევრის ხათუნა შარაძის რჩევით ჩაერთო.
ხათუნა შარაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ პროექტის მიზანი იყო, იტალიელებისთვის დაენახვებინა ის კულტურა და ადათ-წესები, რაც საუკუნებია ატარებს ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად გურია.
“თანამედროვე იტალია კარგავს ტრადიციებს და ჩვენ გვიხარია, რომ ალეგრობის დღესასწაულზე მოგვიხდა ჩამოსვლა. ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, ეს დღესასწაული იტალიელმა მისიონერებმა დააწესეს“, _ თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.
ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.