დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ინფრასტრუქტურული პროექტებზე საუბრის დროს, „ოცნების“ დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა აღელვებული გამოვიდა, თან იკითხა, რომ საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია ხომ არ ხდებოდა.
_„ვინა ხარ“ როგორ უნდა მიწოდოს ვიღაცამ? რომელი გზა გაკეთდება ჩვენ ვიცით, მოვა ოსიკო და გაგვიკეთებსო, ამას რომ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანაშემწეა, თუ ვინც არის, ის რომ ამბობს, თან იძახის „სდიოს ლავრენტიმ მაგ ქალებსო, რას გააკეთებსო, (საუბარია სოფელ დვაბზუს და გაღმა დვაბზუს წევრებზე ოზურგეთის საკრებულოში, დედა-შვილ, როზეტა სკამკოჩაიშვილსა და მარი ჩხიკვიშვილზე, ავტ.) არ შეიძლება საკრებულოს რომელიმე წევრზე და წარმომადგენელზე ამას ამბობდეს მერიის თანამშრომელი. ეს ამბავი მიიტანეთ მერთან, ბატონო ოსიკო, თორემ მომავალი ბიუჯეტის განხილვის დროს ეს აისახება აქ, რომელი გაკეთდეს და რომელი _არა. მერიას აქვს ექსკლუზიური უფლება, გააკეთოს, მაგრამ ვიღაც ვასოს _ არა, – მიმართა ლავრენტი ბიგვავამ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ოსიკო თოთიბაძეს.
როგორც გაირკვა საუბარი იყო სოფელ დვაბზუში, 800 მ სიგრძის მონაკვეთის გზის გაკეთებაზე, რომლის გაკეთებასაც , ბიგვავას თქმით, მერიის თანამშრომელი, ვასო ღლონტი აფერხებს და აბუჩად მოიხსენიებს საკრებულოს წევრებს.
თავის მხრივ, ოსიკო თოთიბაძეც აღელდა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე არ თქმულა.
_ ვიღაცა სად და რას ჭორაობს, იმათ ვდიო?- იკითხა მან.
_საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები სვამენ კითხვებს და პასუხი უნდა გაეცეს, _ დააზუსტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
სოფელ დვაბზუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, როზეტა სკამკოჩაიშვილმა განაცხადა, რომ რაც ოზურგეთის საკრებულო მუშაობას შეუდგა, მას შემდეგ ითხოვს დვაბზუს მოსახლეობა ამ გზის გაკეთებას.
_ ეს არის 800 მ სიგრძის გზა, რომლის სიახლოვეს 19 კომლი ცხოვრობს. ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს სოფლის ცენტრს, მერე სოფლებს ვაკიჯვარსა და ცხემლისხიდს, რომლის საშუალებითაც ხდება მოკლე მონაკვეთით ერთმანეთთან დაკავშირება. 20 წელია, ამ გზას ითხოვს ხალხი. არცერთი პრიორიტეტი არაა გათვალისწინებული, _თქვა მან.
_ დვაბზუში ორი წელი რომ იმხელა ხიდის მშენებლობა გაჩერებული იყო, თქვით რაიმე? ამოიღეთ ხმა? ყველაფერი კეთდება, გაკეთდება ეს მონაკვეთიც, ვინ რა დაილაპარაკა სადღაც, მე არ ვიცი, სადმე ოფიციალურად თქვა ან დაწერა ვინმემ? _ თავის მხრივ თოთიბაძეც სვამდა კითხვებს.
როგორც საბოლოოდ დავაზუსტეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოადგილე სოფელ დვაბზუში, ვასო ღლონტი, რომელიც მერის არჩევნების პერიოდიდან ცნობილი დაპირისპირებისას, შარაშენიძის მომხრეა. ასეთი დაპირისპირებები ზოგ სოფელში, მეტ-ნაკლები სიმწვავით დღესაც გრძელდება. სოფელი დვაბზუც ერთ-ერთია, სადაც ეს მომხრე-მოწინაღმდეგეობა დღემდე გრძელდება და როგორც როზეტა სკამკოჩაიშვილი ამბობს, ხალხს გზის მცირე მონაკვეთს არ უკეთებენ სწორედ ამის გამო. თავის მხრივ, მერიის წარმომადგენლები მონაჭორს უწოდებენ ამ ყველაფერს და დაინტერესებულ პირებს იმ პროექტების ხილვას ურჩევენ, რაც სოფელში გახორციელდა და ამბობენ, რომ აღნიშნული გზა 2020 წელს გაკეთდება.
დიდ ალბათობით, საკითხი მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვისას, როგორც ლავრენტი ბიგვავამ მიანიშნა, ისე განიხილება საკრებულოს შესაბამის სხდომაზე.