უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვში, მალიშევის სამხედრო ქარხანაში ვიზიტის დროს აღშფოთდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Kyiv Post ავრცელებს.
ქარხანა უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის მონოპოლიის ნაწილი 2011 წლიდან არის. მონოპოლიის ირგვლივ ხშირია კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები.
ზელენსკიმ თქვა, რომ შოკირებულია, რადგან შეიტყო, რომ ქარხანამ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ტანკი შექმნა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს, წელიწადში 900 ტანკი იქმნებოდა“,_ ამბობს პრეზიდენტი.
მან ასევე დაბალი ხელფასის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშების ნაწილს ხელფასი წლებია არ მიუღიათ. პრეზიდენტმა ქარხანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მინისტრთა კაბინეტის მოწვევა ბრძანა.
„მაგალითად, საავიაციო ქარხანაში, 142 დოლარად, როგორ შეიძლება ადამიანი კმაყოფილი იყოს და იმუშაოს სახელმწიფოსთვის? ამ პირობებში, როგორ შეიძლება მან ადამიანი უწოდოს საკუთარ თავს? ადამიანებს ვექცევით როგორც პირუტყვს და შემდეგ გვინდა, რომ მათ ხელისუფლებას პატივი სცენ, არსად წავიდნენ და ქვეყნისთვის იმუშაონ“,_ განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მაუწყებელი წერს, გამჭვირვალე თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებამ შეიძლება კარი გააღოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და ნატოში მჭიდრო ინტეგრაციას შეუწყოს ხელი.