გასულ უქმეებზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის საშეჯიბრო არენამ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ კვინიკაძის სახელობის რიგით მე-14 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების მოჭიდავეთა გუნდების 200-მდე სპორტსმენმა. საჭიდაო ხალიჩაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 2004-2005 და 2008-2009 წლებში დაბადებული ჭაბუკი ფალავნები.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სპორტსმენმა. 2004-2005 წლიანები: ვახტანგ ჩხაიძე (57კგ.), რეზო ქამადაძე (57კგ.), გიორგი სურმანიძე (85კგ.).
2008-2009 წლიანები: კახაბერ აფხაზავა (48კგ.), ნუგზარ მაქაცარია (32კგ.), ნიკა კალანდარიშვილი (32კგ.).
შედეგიანი აღმოჩნდა გიორგი სურმანიძისა და კახაბერ აფხაზავას გამოსვლა. გიორგიმ ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო სამტრედიელ მეტოქესთან და მას მესამე საპრიზო ადგილი ერგო. ასევე მესამე ადგილი დაიკავა კახაბერ აფხაზავამ, რომელმაც მსგავსი დონის ტურნირში პირველად მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ შედეგიანადაც. ვახტანგ ჩხაიძე ქულებით დამარცხდა ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ქუთაისელ დავით ცინაძესთან.
,, ვახტანგ კვინიკაძემ ბევრი სახელოვანი ფალავანი გაუზარდა ჩვენს ქვეყანას. იგი ამჟამადაც აგრძელებს სამწვრთნელო კარიერას. რაც შეეხება ჩვენს ფალავნებს, უფრო მეტი შედეგიც შეიძლებოდა. გიორგი სურმანიძე ნახავარფინალში დამარცხდა სამტრედიელ სპორტსმენთან, რომელთანაც გიორგის რამდენჯერმე მონაგები აქვს. მან ორი შეცდომა დაუშვა, რაც მოწინააღმდეგემ არ აპატია. უფრო კარგი მომზადება გვჭირდება და მიმართულებაც გარკვეული გვაქვს. ვიმედოვნებ გიორგი მომავალ ტურნირებში უფრო მეტს დაიხარჯება და აქედან გამომდინარე პირველობას არავის დაუთმობს.
რაც შეეხება კახაბერ აფხაზავას, მისი ამ დონის ტურნირზე ასპარეზობა დებიუტი გახლდათ, მაგრამ მშვენივრად გაართვა თავი. მის წონით კატეგორიაში წრიული სისტემით ჩატარდა ასპარეზობა და ორი მოგებით ბრინჯაოს მედალი ერგო, რაც უდაოდ კარგი შედეგია. კახაბერი იმედის მომცემი შრომისმოყვარე ჭაბუკია, მისგან უფრო მეტს ველით მწვრთნელები“, _ ამბობს ლანჩხუთელთა მწვრთნელი კახა აფხაზავა.