“ქალების ბულინგის მსხვერპლი ვარ!” _ აცხადებს პარლამენტის დეპუტატი კარლო კოპალიანი.
მისივე თქმით, ის ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ დააბულინგეს:
“ერთმა წაავლო ხელი ბეიჯს, მეორემ გაჭრა მაკრატლით. ბულინგია აბა, მოფერებაა?!” _ ამბობს კოპალიანი.
თინა ბოკუჩავა „პუბლიკასთან“ ადასტურებს დეპუტატისთვის მანდატის დაჭრის ფაქტს _ ის ამბობს, რომ კარლო კოპალიანი და ის დეპუტატები, რომლებმაც საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდეს, არ იმსახურებენ პარლამენტის მანდატს:
„ის ერთ-ერთი დეპუტატია, გავრილოვის თანაპარტიელი კომუნისტი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტის ჩაგდებას და დაასამარა ჩვენი ქვეყნის განვითარების შანსი, გამოგვიყვანა ისევ ქუჩაში. ამიტომ კოპალიანი არ იმსახურებს საქართველოს პარლამენტის მანდატს ისევე, როგორც სხვა დეპუტატები, რომლებმაც ჩააგდეს საკონსტიტუციო პროექტი. ეს დეპუტატები იმსახურებენ, დაუჭრან ის მანდატები, რომლებიც ქვეყნის მისატაცებლად და დასაღუპად გამოიყენეს დღეს“, _ ამბობს თინა ბოკუჩავა.