დღეს “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკუი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები სტუმრობდნენ. ცენტრმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, წელს კომპანია “ავერსს“ დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები კიდევ იქნება.
“ეს აქციის ფარგლებში ჩატარდა უფასო გამოკვლევა პაციენტების და ასევე მედიკამენტების დარიგება უფასოდ. მსგავსი აქციები პერიოდიულად კიდევ გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში არაერთ ადამიანს გაეწია დახმარება და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“ – გვითხრა დავით მდინარაძემ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეა გამეზარდაშვილის თქმით, მსგავსი აქციები მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭიროა. “მსგავსი სახის აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და დღეს ვიყავით ოზურგეთში. გვინდა, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ჩავუტაროთ კვლევები. ჩვენ თვეში ერთხელ საქართველოს რეგიონებში ვატარებთ უფასო გამოკვლევებს და ასევე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში გადავცემთ მედიკამენტს. უფასო მედიკამენტები ჩვენ მოვოპოვებული გვაქვს “ავერსის“ საქველმოქმედო ფონდიდან.“ – თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრისას თეა გამეზარდაშვილმა.