საქართველოს გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულად კიდევ ერთი პირი, გიორგი სულაშვილია ცნობილი.
„2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად არის ცნობილი გიორგი სულაშვილი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
11 ნოემბერს პროკურატურამ დაზარალებულად მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი ცნეს.
20 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში გამოჩენას მოჰყვა, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.