საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ – საქართველოს სიყვარული აერთიანებთ.
„დღეს, გიორგობის დღეს, შევხვდით ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. დღეს არის დიდი დღესასწაული. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთანებს – გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ.
ძალიან მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების, რომ კიევში ჩამოვიდნენ. ძალიან საინტერესო და ჩემთვის ნიშანდობლივი საუბრები გვქონდა. მართლაც, ყველაფერს, ასაკთან, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრ რაღაცს გადახედავს ადამიანი. დროის გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რაღაც სხვანაირად ჩანს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წინ ვერაფერი დაუდგება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.