„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა.
პოლიტოლოგის შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება.
„სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია. აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას.
„ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ცინცაძე.