“საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი შეფასებით, ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.
„მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე”, – განაცხადა პრემიერმა.
“ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე კი თვლის, რომ „სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“ სურგულაძის გადადგომას კი, საპენსიო რეფორმაში გაჩენილ ბზარს უწოდებს: “საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეებისგან ფული. ლევან სურგულაძემ უნდა განუმარტოს საზოგადოებას მისი გადადგომის რეალური მიზეზები ან დაასახელოს თანამდებობის პირი, ვისგანაც მიიღო გადადგომის მითითება.
ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, თუ სასწრაფოდ არ გაიმართა სააგენტოს მენეჯმენტი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა. სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“
მიქაუტაძის თქმით, ერთი წლის თავზე, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსა და უფროს საინვესტიციო ოფიცერს კვლავ არ შეუმუშავებია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რის გამოც ფონდში მობილიზებულ საპენსიო დანაზოგს ერიცხება სულ რაღაც 8.5 %, იმ ფონზე, როცა ინფლაციის მაჩვენებლმა უკვე 7 %-ს მიაღწია.
“სამწუხაროდ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას “ქართული ოცნების” ხელში, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის,’’ – განაცხადა “ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა: “თხოვნა გავუგზავნე სამეთვალყურეო საბჭოს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიღონ. თუ საჭიროა, რომ დავრჩე ამ პოსტზე, დავრჩები”. სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად სხვა გეგმებისა და გამოწვევების გაჩენას ასახელებს.