“სისტემა კლავს, ის მოძალადეა” – ამ შინაარსის წარწერები გაკეთდა გვიან ღამით, მოძრაობა “შეცვალეს” წევრების მიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, გზის ნაწილზე. აქციის მონაწილეები სისტემის უკან სწორედ მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ასახელებენ.
მათივე თქმით, პოლიციის მხრიდან ძალადობა უნდა დასრულდეს და ძალოვანი სტრუქტურის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მოძრაობის წევრების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა დამნაშავე პირები დაისაჯონ და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
მანამდე, სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ. “ლუკა ბოდიში,” “სისტემა კლავს” – 15 წლის ლუკას გარდაცვალების გამო აქტივისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე ამ შინაარსის წარწერები დატოვეს.
მათი თქმით, მოზარდი სისტემის მსხვერპლია და მსგავსი პრობლემა საქართველოში აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. მათ გარდაცვლილს წუთიერი დუმილით პატივიც მიაგეს. მოგვიანებით კი, კანცელარიასთან მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებიც გამოჩნდნენ. მათ შაბათს 6 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.
ხმაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, სადაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო მოძრაობის წევრები თავდაპირველად შეიკრიბნენ.
გზის სავალ ნაწილზე ყოფნის გამო მოხდა დაპირისპირება სამართალდამცველებთან, იყო შელაპარაკება მძღოლ ქალბატონთანაც. შეკრებილების თქმით, 15 წლის მოზარდის სიცოცხლე სისტემამ შეიწირა და პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პირს არ ეკისრება. სამოქალაქო აქტივისტები აქციების გამართავს დღესაც გეგმავენ.
წყარო: რუსთავი2