„ამ სისტემის დედაც!“_ ამ ლოზუნგით მიმდინარეობს „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ მდუმარე აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან.
„15 წლის ლუკა სირაძემ თავი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოიკლა. დაკითხვის დროს, იგი პოლიციის მხრიდან ინტენსიურ ფსიქოლოგიურ ტერორსა და შეურაცხყოფას განიცდიდა. დაკითხვის დროს, ცუდად გახდომის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. პოლიცია, რომელიც წესით მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის – დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები – პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იცვლებიან მთავრობები და შს მინისტრები, სისტემა კი უცვლელად უგულო და ბოროტი რჩება. შს სამინისტროსთან, გამჭვირვალე შენობასთან, რომელიც სისტემის დანაშაულებების დაფარვას მაინც ახერხებს – ჩვენ, მოქალაქეები შევიკრიბეთ მდუმარედ.
ამ ცხოვრების დედაც, ამ სისტემის დედაც, რომელიც 15 წლის ბავშვს ვერ იცავს“,_ წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.