თემურ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.
ტურნირში თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ქუთაისურ ტურნირზე ნაკრების წევრების გარდა სხვა მოჭიდავეებითაც იყო წარმოდგენილი, მათ შორისაა, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 10 მოჭიდავე, რომელთა პირადი მწვრთნელია დავით მჟავია.
ქუთაისურ ტურნირზე წარმატებული გამოდგა ლანჩხუთელი ფალავნის, თამაზ ღლონტის (48კგ.) ასპარეზობა. მან ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა აშკარა უპირატესობით მოიგო, თანაც, შეხვედრისათვის გათვალისწინებულ დროზე ადრე. მან პირველ შეხვედრაში სომხეთის ნაკრების საკმაოდ ძლიერი მოჭიდავე დაჯაბნა (8:0). შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრს, ევროპის პრიზიორს, ხობელ გვასალიას (9:1) სძლია, ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა, ფინალურ ეტაპზე კი ბათუმელი ფალავანი (9:1) და ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.
საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი თვის მონაკვეთში თამაზი სამჯერ გახდა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, წლის განმავლობაში კი ხუთჯერ დაისაკუთრა ჩემპიონის ტიტული.
მწვრთნელის დავით მჟავიას თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ თამაზმა წელს მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე ბრინჯაოს მედლები, ხოლო საქართველოს პირველობაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა, U-15 და U-17 წლამდე მოჭიდავეთა შორის, ის მის ასაკსა და წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
დავით მჟავიას თქმით, შეჯიბრის ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და ტურნირში მონაწილეობის უფლება პატარა ასაკის ფალავნებსაც მისცეს.
„ორგანიზატორებმა, პატარებსაც რომ მიეღოთ მონაწილეობა, დაუშვეს გამონაკლისი და ტურნირზე დაბალი წონის მოჭიდავეებიც მოიწვიეს, საერთოდ, ჭაბუკებში წონითი კატეგორიები 45 კგ-დან იწყება. აქ 23 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ჩვენმა ათი წლის ფალავანმა გიორგი ვანაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა ვერ შეძლეს საპრიზო ადგილების მოპოვება, მაგრამ საკმაო გამოცდილება მიიღეს. გარკვეულ მიზეზთა გამო, შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღო რამდენიმე ლანჩხუთელმა ფალავანმა. დარწმუნებული ვარ, სრული შემადგენლობით ბევრად უკეთესს შედეგს დავდებდით“, _ ამბობს ლანჩხუთელთა მწვრთნელი.