შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 წლის ლუკა სირაძის თვითკვლელობის მცდელობის შემდეგ გაკეთებულ ბრიფინგზე განმარტება გააკეთა.
ნინო ცაციაშვილის თქმით, უწყებამ თავდაპირველი ინფორმაცია იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გაავრცელა, რომელიც მათ იმ დროისთვის მოეპოვებოდათ და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემდგომ სახელმწიფო ინსპექტორმა მოიძია.
„ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავავრცელეთ. ამასთან, მტკიცებით ფორმაში რაიმე სახის განცხადების გავრცელება ლოგიკურია, მას შემდეგ გაჟღერდება, როცა სახელმწიფო ინსპექტორი სრულად გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში” – განაცხადა ნინო ციციაშვილმა.
მისივე თქმით, უწყებამ ჯერ კიდევ ბრიფინგის გამართვისას განაცხადა, რომ სამინისტროს მზაობა ღია ჰქონდა და სახელმწიფო ინსპექტორს მოთხოვნილი მასალა დაუყოვნებლივ გადაუგზავნა.
„დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, სხვა სურათი გამოიკვეთა და ხვალ და ზეგ შეიძლება დამატებითი გარემოებები გამოიკვეთოს” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ცაციაშვილის თქმით, მას ბრიფინგის ინტერპრეტირება და არასწორი სპეკულაციები უხერხულობას უქმნის.
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი დღეს წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მან მოზარდს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იმავე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. საიას ინფორმაციით, გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.