“იმ ჯგუფთან, რომელზეც Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია ,,ქართულ ოცნებას“ და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს.
ის Facebook-ის მიერ საქართველოში შექმნილი არაავთენტური ანგარიშების წაშლას და ამ თემაზე განცხადებებს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„თუმცა გაუქმებული ანგარიშების უდიდესი ნაწილი, ჩანს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას ან ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას „ნაცმოძრაობასა“ და მის დანაყოფებზე (რაც პრინციპში არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც ტყუილების თქმას საჭიროებს). facebook-ის განცხადებაში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიაზე ნათქვამი არ არის არც ერთი სიტყვა – როგორც ამას ნაცები ტირაჟირებენ.
მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის მხარდამჭერებიც, რაც აქამდე ყავდათ, ბოლო კვირების განმავლობაში ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონკრეტულ წარმომადგენლებს თხოვნით – მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლო დღეებში შეგვიძლია, გავიხსენოთ დასავლური ოფიციოზის პოზიციისგან განსხვავებული ერთი-ორი ასეთი განცხადებაც.
ასევე ბოლო კვირების განმავლობაში მთელი მათი პარტიული აქტივი (თავისი ბოტ-ტროლებით და ფეიკ- გვერდებით) ისტერიულად არეპორტებს ყველა იმ facebook მომხმარებელს და გვერდს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას სახელისუფლებო წრეების მიმართ და წერენ ნეგატიურად ნაცმოძრაობაზე.
ამის დასტურია ისიც, რომ ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკ-გვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, facebook-ის მიერ გაუქმებული არ არის,“ – წერს მამუკა მდინარაძე.