ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სასამართლო სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან ორ პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ხოლო სამ პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.