დღეს, ოზურგეთში, საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებს ერთი სადღესასწაულო, მშვენიერი დღე აჩუქეს ემიგრატებმა.
_ მე აქ გაზრდილი ბენეფიციარი ვარ. ქართველ ემიგრანტთა არაერთ ჯგუფს ვიცნობ და ვმეგობრობ მათთან. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია „ემიგრანტის დღიურები ამერიკაში“ , რომლის წარმომადგენელს, მზია წულუკიძეს ვთხოვე, რომ ერთი ლამაზი საახალწლო დღე გვეჩუქებინა ამ ბავშვებისთვის. მათ თანხა ჩაგვირიცხეს და ჩვენ აქ თითოეული ბავშვისთვის ვიყიდეთ საჩუქრები. ძალიან გაახარეს ჩვენი ბენეფიციარები, რის აღსანიშნავადაც მათ კონცერტი გამართეს, _ გვითხრა საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ წარმომადგენელმა ნატალია გორდელაძემ.
ქალბატონმა ნატალიამ თავადაც იმღერა ამ პატარა სახელდახელო ზეიმზე. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და საგანგებო მადლობა და მილოცვები გაუგზავნეს ქართველ ემიგრანტებს.
_ ჩვენ ვუსურვებთ მათ ბედნიერ, გაბრწყინებულ, მდიდარ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, – _თქვეს მათ „გურია ნიუსთან“.