“მურად წურწუმიას შემთხვევის სანდრო გირგვლიანის საქმესთან შედარება ცინიკურია,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
გიორგი კახიანის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემთხვევაში მთელი სისტემა ამ ამბის დამალვაზე მუშაობდა, მაშინ, როცა მურად წურწუმიას შემთხვევაზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება იყო შესაბამისი.
„ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, სამართალდამცველების მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება. დაკავებულია პირი, რომელიც ამ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა. რამდენადაც ვიცი, ის აღიარებს კიდეც თავის ბრალდებას. ამიტომ არამგონია, რომ გამოძიების მიმართ რაიმე კითხვები ჩნდება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ეს საქმე გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორს, არც ამის საწინააღმდეგო ექნება ვინმეს რამე. ამ შემთხვევის სანდრო გირგვლიანის საქმესთან შედარება ცინიკურია, რადგან ის სულ სხვა შემთხვევა იყო. გირგვლიანი სისტემამ შეიწირა და შემდგომ მთელი სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ რამენაირად დაეფარათ მისი მკვლელობის ამბავი. ეს შემთხვევა კი სრულიად განსხვავებულია. კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები კი ადეკვატურად რეაგირებენ,”- განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.