ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, „არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
„თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ამჟამინდელ მთავრობასა და ოპოზიციას წავიდნენ კომპრომისზე და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, _ განაცხადეს ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.
მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტს მიმართავენ ვადაზე ადრე გადადგეს „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან, თუმცა რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.