თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებულთა სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული. ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ლაშა ბურდული და ზურაბ მჟავანაძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათ პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მიერ განთავსებული კარვების აღება გააპროტესტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა (ასკ-ის 166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ-ის 173-ე მუხლი) ედავება. სამინისტროს მტკიცებულებას საქმეში ძირითადად იმ პოლიციელთა ჩვენება წარმოადგენს, რომლებიც დაკავებულთა განმარტებით, მათი დაკავების პროცესში არ მონაწილეობდნენ.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ივანე აღნიაშვილი განიხილავს. პირველ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი სასამართლოსთვის წრდგენის მიზნით საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადადო.
ხუთივე დაკავებულის ინტერესებს სასამართლოში GDI-ს (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას) იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი იცავს. დაცვის მხარე გეგმავს სასამართლოს წინაშე იმ მტკიცებულებათა დართვის თაობაზე იშუამდგომლოს, რომლებიც დაკავებულთა მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს სრულად გამორიცხავს.