ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყება.
“სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება, მუდმივად იქნება ამ საკითხების მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორად და სწრაფად წარიმართოს“,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, გააკეთა.
პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფომაცია, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხის შესახებ.
„პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება,“ _ აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
ინიციატივა ჩიჩილაკისა და გურული კალანდას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ეკუთვნის და 13 იანვარს სოფელ დვაბზუში გააჟღერა.