ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, დ.ჯ.-მ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველ თანასოფლელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ კი მუცლის არეში ხელი დაარტყა.
სამართალდამცველებმა დ.ჯ. 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) და 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.