ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების მიმართულებას კურირებდა, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესის წარმომადგენლების პოზიცია სერიოზულად უნდა აღიქვას.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“კონგრესის წევრების შეშფოთების უარყოფა ან ქედმაღლურად იმის თქმა, რომ ისინი უცოდინრობით მოქმედებენ, ვითარებას არ გამოასწორებს. კონგრესის თანამშრომლები ძალზედ გამოცდილი ხალხია. თუ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს კონგრესის შეხედულებები, მათ უნდა ჰქონდეთ სერიოზული საუბარი ამ საკითხზე, რომ საქართველოს სამგანზომილებიანი სურათი დაანახონ. ინდივიდუალური შეხედულებების მოცემულობად მიღება არასწორია და რომელი ქვეყნის ოპოზიციასაც არ უნდა ელაპარაკებოდე, მოვლენებზე საკუთარი აზრი უნდა გქონდეს. თუმცა, საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს. მე კონგრესის ყველა შეშფოთებას არ ვიზიარებ და ვამბობ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი არგუმენტი”, – ამბობს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ფრიდი.
რაც შეეხება, კავკასიის და ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლის, სვანტე კორნელის, განცხადებას, ის ამბობს, რომ წერილი კრიტიკასთან ერთად, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არ ქრება.
„ვხედავთ იმას, რომ ჯერ ისევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, ამერიკის ხელისუფლების და კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კარგი რამაა. მსოფლიოში არსებული სხვა პრობლემების მიუხედავად, ხალხი ინარჩუნებს ინტერესს საქართველოს მიმართ. ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ ვინც საქართველოში ერთხელ მაინც ყოფილა, მისი დავიწყება არ შეუძლიათ. კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ცვლილებები ვიხილეთ. დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰყავდა პატივსაცემი, პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. ეს ხალხი „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აღარ არიან. სხვადასხვა დროს ბატონმა ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ ადამიანებს არ ქონოდათ სხვა არჩევანი გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. მესამე ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციას“, – აცხადებს კორნელი.
ის, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოპოზიციას ამერიკის კონგრესის წევრების მხრიდან, კრიტიკული შეხედულებების გახმოვანებაში დიდი როლი არ აქვს.
“ვფიქრობ, ამ შეხედულებების ჩამოყალიბებაში საქართველოს ოპოზიციას არ აქვს დიდი როლი. თბილისში არსებობს საელჩოები და არსებობენ ექსპერტები, რომლებიც თავად ხედავენ რაც ხდება და მათი შეცდომაში შეყვანა ადვილი არაა”, – განაცხადა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სვანტე კორნელიმ.
საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღო ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.
მათ შორისაა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ჯეიმს რიშის და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერის, ჯინ შაჰინის 29 იანვრის წერილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი.
გავლენიანი სენატორები საქართველოში დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლად აფასებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარს, საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობას, ოპოზიციის ლიდერების დევნას და უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევას.
ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი რუსეთის გავლენის გაძლიერების საფრთხეზე მიუთითებენ და არ გამორიცხავენ, რომ თუ საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე არ იზრუნებს, აშშ გადახედავს საქართველოსთან პარტნიორობას.
ქართული მხარე კი კრიტიკულ წერილზე პასუხად აცხადებს, რომ მომავალ კვირაში, ამერიკის დედაქალაქში დაგეგმილი ვიზიტისას, ისინი ამერიკელ პარტნიორებს საკუთარ პოზიციას გაუზიარებენ.
ვაშინგტონს, მომავალ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ესტუმრება.




















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)
















