ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პარლმანეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს.
„ხუთშაბათს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა დროსაც ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები საქართველო–ამერიკის ურთიერთობებში. ვაფასებ თავმჯდომარე თალაკვაძის ძალისხმევას, რომ გვესტუმრა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განსახილველად. ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ სხვადასხვა პარტიასთან მქონდა დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები რჩება.
დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ, როდესაც თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს. ასევე, მოქალაქეები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი სასამართლო სისტემა ყველასთვის სამართლიანი იქნება, დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი.
საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა მხარე, რომელიც ჩართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“, – წერს ადამ კინზინგერი და აღნიშნავს, რომ მტკიცედ რჩება საქართველო-აშშ-ის მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობების მხარდამჭერად.