ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის მაშტაბით მატარებლით (პირველი კლასის გარდა), ავტობუსით (ღამის რეისების გარდა) და ტრამვაით მგზავრობა უფასოდაა შესაძლებელი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება როგორც ლუქსემბურგის მცხოვრებლებისთვის, ისე ვიზიტორებისთვისაც.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა, ვინაიდან 1000 ადამიანზე ავტომობილების რაოდენობით ლუქსემბურგი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში იმედს გამოთქვამენ, რომ 5 წელიწადში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა რიცხვი 20%-ით გაიზრდება.
როგორც ცნობილია, ლუქსემბურგის მოსახლეობა ბოლო 20 წელიწადში 40%-ით გაიზარდა. ახლა ქვეყანაში 614 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დასაქმებულების რიცხვი კი 400 ათასს აღემატება. მათ შორისაა ბელგიის, გერმანიისა და საფრანგეთის 200 ათასი მოქალაქე, რომლებსაც ლუქსემბურგი მაღალი ანაზღაურებით და ძლიერი ეკონომიკით იზიდავს.
უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი 2013 წელს დაიწყო ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, თუმცა ამ შემთხვევაში უფასოდ გადაადგილება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ
ლუქსემბურგის მთავრობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 41 მილიონი ევრო დაუჯდება.