ხმაურით მიმდინარეობდა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციონერი დეპუტატის, ავთანდილ თადუმაძის მხრიდან გაჟღერებულ შეკითხვას, კორონავირუსთან დაკავშირებით უშუალოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტი წინასწარ რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, მაშინ როცა ქვეყანა მოუმზადებელი დახვდა და საზღვრები არ ჩაკეტაო, რეაქციული პასუხები მოჰყვა საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან.
,,ქართული ოცნების”დეპუტატებმა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს 2008 წელი შეახსენეს. მათ შორის დავით ამაღლობელი ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებამ საზღვრების დაკეტვის თაობაზე ძალიან გააღიზიანა და ავთანდილ თადუმაძეს პირში მიახალა:
,,სახელმწიფო საზღვრები 2008-ში უნდა ჩაგეკეტათ, საქართველოდან შეშინებულები ქვეყნის გარეთ როცა გარბოდითო”.
ამაზე ფრაქცია ,,ნაციონალების” თავმჯდომარე, ემზარ შუბლაძე გაცხარდა და ,,ოცნების” დეპუტატს ჭორიკანა უწოდა:
,,ჭორიკანა ხარ, შენ, დათო. 2008-ში საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და კარგად მახსოვს, ადგილობრივი ხელისუფლება კაბინეტებში ვისხედით და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ჩვენს უფლება-მოვალეობას ვასრულებდით.”
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ კოლეგებს მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი ურჩია, ზედმეტი პანიკით მოსახლეობის სიმშვიდე არ დააზარალონ.